პარტიების პროგნოზირებული პროპორციები 2020 წლის 17 აგვისტოსთვის
წინამდებარე პროგნოზი ეფუძნება შეწონილი საშუალოს მეთოდს. გამოყენებულია 28 საჯაროდ ხელმისაწვდომი გამოკითხვის შედეგი. პროპორციები გამოთვლილია მხოლოდ ჩამოყალიბებული ამომრჩევლებისთვის
გამოკითხვის ნედლი შედეგები ოთხი ძირითადი პოლიტიკური პარტიისთვის, 2020 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით
დიაგრამაზე ნაჩვენებია 2016 წლიდან 2020 წლის 24 ივლისის ჩათვლით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მთავარი პოლიტიკური პარტიებისთვის. მოცემულია მხოლოდ ჩამოყალიბებული ამომრჩევლების მონაცემები.
არჩევნების State-space მოდელი 2020 წლის 17 აგვისტოსთვის
დიაგრამაზე მოცემულია საჯაროდ ხელმისაწვდომ გამოკითხვის შედეგებზე დაფუძნებული 2000 სიმულაციის მონაცემები. პროგნოზის მედიანური შედეგი „ქართული ოცნებისთვის“ 52%-ია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ 19%, „ევროპული საქართველოსთვის“ 8%, ხოლო „პატრიოტთა ალიანსისთვის“ - 5%. დაბალი საარჩევნო ბარიერიდან გამომდინარე, ყველა ჩამოთვლილ პარტიას პარლამენტში მოხვედრის მაღალი შანსი გააჩნია.
სიმულაციების შემდგომი ანალიზი გვაჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ პროპორციულ არჩევნებში უმრავლესობის მოპოვების 65%-იანი შანსი აქვს. სახელისუფლებო პარტიას მაღალი შანსი (95%) აქვს, გადალახოს ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი ბარიერი, რაც მას მთავრობის კოალიციის გარეშე დაკომპლექტების შესაძლებლობას მისცემს. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, „ოცნებას“ წინა მოდელის მსგავსად, მისი მხოლოდ პროპორციული ხმის მიცემის გზით მოპოვების ძალიან დაბალი (<1%) შანსი აქვს. როგორც ჩანს, პარტიას საკანონმდებლო ორგანოს სრულად გაკონტროლების მიზნით მაჟორიტარულ მანდატებზე კონცენტრირება მოუწევს.
რა არის იმის შანსი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ კონკურენტთან - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ წააგოს არჩევნები? როგორც ჩანს, ამის ალბათობა ძალიან დაბალია - დაახლოებით 0.2%-ის ფარგლებშია იმის ალბათობა, რომ ენმ-მ უფრო მეტი ხმა მოაგროვოს, ვიდრე - „ოცნებამ“.
თუმცა, რამდენიმე საკითხი აუცილებლად გასათვალისწინებელია: მაშინ, როდესაც სხვა პარტიებისთვის სიმულაციის შედეგები საკმაოდ „ვიწროა“ - ანუ ახლოს დგას მედიანურ მნიშვნელობასთან, „ოცნებისთვის“ იგი შედარებით „ბრტყელია“. ეს იმაზე მიგვითითებს, რომ მმართველი პარტიისადმი მხარდაჭერა შესაძლოა, უფრო ცვალებადი გახლდეს. მართალია, პანდემიამ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მართლაც გაზარდა, თუმცა მთავარ საკითხად რჩება ის, თუ რამდენად მოახერხებს პარტია ამ მხარდამჭერის არჩევნებამდე შენარჩუნებას.
პროგნოზებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგია მოცემულია ამ ბმულზე. რეპლიკაციის კოდი და მონაცემები შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ გიტჰაბის გვერდიდან.
წინა პროგნოზები: