Pollster.ge

Language selector

პროგნოზი 2020 წლის 28 ოქტომბრისთვის

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, Pollster.ge საბოლოო პროგნოზებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, მმართველ პარტიას საკმაოდ მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევს, ხოლო არჩევნების ბედს, სავარაუდოდ, მაჟორიტარული ხმის მიცემა გადაწყვეტს.

Pollster.ge-ის მიერ 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებდნენ, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი განუწყვეტლად მცირდებოდა. ტენდენცია შემდგომ კვლევებშიც შენარჩუნდა. მარტივი, ე.წ. საშუალო შეწონილის მეთოდით გამოთვლილი პროგნოზით, ქართული ოცნების მიერ აღებული ხმების პროპორცია 47%-დან 42%-მდე შემცირდა. პარალელურად, გაიზარდა ყველა სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის მაჩვენებელი. მიუხედავად ამისა, ორნიშნა მაჩვენებელი ოპოზიციიდან მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ხოლო დანარჩენი მონაცემები გაბნეულია ყველა სხვა დანარჩენ ოპოზიციურ სუბიექტზე.

მონაცემების დროითი ანალიზი აჩვენებს, რომ დრო „ქართული ოცნების“ საზიანოდ მუშაობს. ადრე ავხსენით, თუ რატომ უნდა გაეუარესებინა რთულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას მმართველი პარტიის რეიტინგი. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის საერთო ზრდასთან ერთად, „ქართული ოცნების“ პოპულარობამაც იკლო. სავარაუდოა, რომ ზუგდიდში მძევლების აყვანის საქმე მთავრობის მხარდაჭერას კიდევ უფრო შეამცირებდა. „ქართული ოცნების“ რეიტინგი იკლებს, თუმცა როგორც ჩანს, არც ისე დრამატულად, რომ პროპორციულ არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა შეცვალოს.

ამ მოსაზრებას ამყარებს ჩვენი განახლებული ბაიესური მოდელიც. განსხვავებით წინა მოდელებისგან, აქ ვპროგნოზირებთ მხარდაჭერის შეწონილ საშუალოს და არა - ბოლო გამოკითხვაში დაფიქსირებულ შედეგებს. მიუხედავად ამისა, დინამიკა მოსალოდნელია: „ქართულ ოცნებას“ 50%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი თითქმის არ აქვს, თუმცა ე.წ. 40.5%-იან ჩამკეტი ბარიერისთვის საჭირო ხმებს ალბათ მაინც მოაგროვებს. მმართველ პარტიას ამის გაკეთების მაღალი, 80%-იანი შანსი გააჩნია. სხვა პარტიებს არც „ქართული ოცნების“ გადასწრების და არც ჩამკეტი ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ.

არჩევნების კიდევ ერთი ინტრიგა მცირე პარტიების მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობაა, რაც შესაძლოა, სამთავრობო კოალიციის ფორმირებისთვის (თუ ამის საჭიროება დადგა) გახდეს გადამწყვეტი. საპარლამენტო პარტიებს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის თითქმის 100%-იანი შანსი აქვთ. ამასთან, ბარიერს ალბათ გადალახავენ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“ და „ლეიბორისტები“. ამასთან, სავარაუდოდ, საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად საჭირო ხმებს მაღალი ალბათობით „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ ევროპული საქართველო“ მოაგროვებენ. ამის საგულისხმო შანსი „ლელოსაც“ გააჩნია.

თუკი ჩვენი პროგნოზი სწორია, მაშინ ცხადია, რომ მთავრობის ფორმირების საკითხს მაჟორიტარული არჩევნები გადაწყვეტს. დღეს არსებული ვითარებით, „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 27 მაჟორიტარის მოგება ჭირდება უბრალო უმრავლესობის მოსაპოვებლად. სამწუხაროდ, ოლქების დონეზე გამოკითხვის მონაცემები არ გაგვაჩნია, ამიტომ ჩვენი შეფასებაც წინა არჩევნების გამოცდილებას ემყარება, რომლის მიხედვითაც როგორც წესი, მმართველ პარტიებს მაჟორიტარული არჩევნების მოგება არ უჭირთ.

პროგნოზებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგია მოცემულია ამ ბმულზე. რეპლიკაციის კოდი და მონაცემები შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ გიტჰაბის გვერდიდან.

წინა პროგნოზები: