Post-mortem: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, გამოკითხვები და ეგზიტპოლები
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისევ ვიხილეთ წინასაარჩევნო გამოკითხვებით ბრძოლა, ამასთან - მრავალფეროვანი იყო კვლევების ლანდშაფტიც. არჩევნებამდე ერთწლიან მონაკვეთში ოცდაათი ისეთი გამოკითხვა ჩატარდა, რომლის შედეგები ღიად იყო ხელმისაწვდომი და ამასთან - დასმული იყო კითხვა პარტიული სიმპათიის ან მოსალოდნელი ხმის მიცემის შესახებ. თავად არჩევნების დღეს, ეგზიტპოლი ოთხმა სხვადასხვა ორგანიზაციამ ჩაატარა. რამდენად ზუსტი ან არაზუსტია წინასაარჩევნო გამოკითხვები ან - მათ საფუძველზე გაკეთებული პროგნოზები? ამ სტატიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებული კვლევების მაგალითზე ვეცდებით, პასუხი გავცეთ ამ კითხვას.
პანდემიამ თავისი გავლენა მოახდინა გამოკითხვების ფორმაზე. მაგალითად, „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და „CRRC-საქართველოს“ 2020 წელს ჩატარებული კვლევები როგორც წესი, სატელეფონო ფორმით ჩატარდა. სატელეფონო გამოკითხვების მიდგომას სხვა კვლევითმა ორგანიზაციებმაც მიმართეს. ამ გარემოებამ, ბუნებრივია, თავისი გავლენა დაატყო შეგროვებული მონაცემების ბუნებასა და მათი ინტერპრეტაციების მიდგომებს.
საარჩევნო პროგნოზის ხარისხის შესაფასებლად, ღიად ხელმისაწვდომი კვლევის შედეგები შევადარეთ არჩევნებისას. იმისთვის, რათა თითოეული კვლევითი ინიციატივის სხვაობის ხარისხი შეგვეფასებინა, გამოვითვალეთ მარტივი მაჩვენებელი - ე.წ. ცდომილებათა საშუალო კვადრატული კოეფიციენტი, ანუ - ბოლო კვლევის მიხედვით თითოეული პარტიისთვის პროგნოზირებულ მნიშვნელობასა და არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგის სხვაობების კვადრატების საშუალოდან კვადრატული ფესვი. შესაბამისად, თითოეული კვლევითი ინიციატივისთვის გვაქვს ერთი მაჩვენებელი, რომლითაც შესაძლებელია მათი ხარისხის მიხედვით რანჟირება.
თავდაპირველად, ვნახოთ, თუ რა მდგომარეობა გვქონდა ეგზიტპოლების შემთხვევაში. ცხრილში მოცემულია ცდომილებები როგორც ყველა პარტიისთვის, ასევე - მსხვილი პოლიტიკური ჯგუფებისთვის - „ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“.
როგორც ვხედავთ, ეგზიტპოლების პროგნოზის კუთხით ლიდერს „ედისონ-რისერჩი“ წარმოადგენს, რომელსაც შეცდომის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა როგორც ყველა პარტიის, ასევე - მსხვილი პოლიტიკური ჯგუფების მხრივ. „მთავარი არხისთვის“ „იპსოსის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი ყველაზე არაზუსტი აღმოჩნდა. შედარებით უშეცდომო გახლდათ „სურვეიშენის“ შეფასება, ხოლო „იმედისთვის“ ჩატარებული კვლევა ასევე აცდა არჩევნების შედეგებს. საგულისხმოა, რომ გამოხატული პოლიტიკური სიმპათიების მქონე მედიასაშუალებების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლები განსაკუთრებით არაზუსტი მსხვილი პარტიების შეფასებისას გახლდათ.
რაც შეეხება არჩვნებამდე ჩატარებულ კვლევებს, ამ კუთხითაც „ედისონ-რისერჩი“ გამოირჩა. მათ მიერ შეფასებული შედეგები ყველაზე მეტად დაემთხვა არჩევნების შედეგებს მიუხედავად იმისა, რომ ხმის მიცემის თარიღთან ორგანიზაცის მიერ ყველაზე ახლოს ჩატარებული კვლევა 7 სექტემბერს დასრულდა. არჩევნებს ასევე საკმაოდ მაღალი სიზუსტით დაემთხვა „აი-არ-აის“ მიერ აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულებული კვლევა (თუ შედეგებს გადავითვლით არ ვიცი/უარი პასუხზე ვარიანტების გამოკლებით, და არ განვიხილავთ იმ მონაცემებს, რომლებიც გამოქვეყნდა), ხოლო ჩვენს მიერ „CRRC-საქართველოს“ ომნიბუს-კვლევის საფუძველზე გამოთვლილი ალოკაცია სიზუსტით მესამე გახლდათ. საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში, პროგნოზისთვის არაა გამოყენებული ომნიბუსის თავდაპირველი მონაცემები, არამედ - ე.წ. არგამოპასუხების შეწონვით მიღებული შედეგებია გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ „სურვეიშენის“, „გორბის“, და „იპსოსის“ მიერ ჩატარებული საველე სამუშაოები არჩევნებთან უფრო ახლოს დასრულდა, თუმცა ამის მიუხედავად, მათი შეფასების სიზუსტე „ედისონ-რისერჩის“, „აი-არ-აის“ ან - ომნიბუსისას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა.
როგორც ვხედავთ, კვლევის სხვადასხვა ინიციატივის მიერ პოლიტიკური სიმპათიების შეფასების შედეგები არჩევნებისგან სიზუსტის სხვადასხვა ხარისხით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, არჩევნების შედეგების პროგნოზირებისას აუცილებელია ამა თუ იმ კვლევის სიზუსტის გათვალისწინება. ჩვენს მომდევნო პოსტებში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გავითვალისწინებთ ამ გამოცდილებას „პოლსტერის“ განახლებული პროგნოზებისთვის.