Pollster.ge

Language selector

Forecasts as of September 5

პროგნოზები 5 სექტემბრის მდგომარეობით

წარმოგიდგენთ Pollster.ge-ის პროგნოზების პირველ ტალღას. ჩვენი მონაცემების მიხედვით, 5 სექტემბრისთვის (როდესაც ჩვენს ხელთ არსებული ბოლო გამოკითხვა დასრულდა), მმართველი პარტიის რეიტინგი 33%-ს შეადგენს. მას მოსდევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 25%-ით, პარტია „საქართველოსთვის“ 8%-ით და „ლეიბორისტული პარტია“ 6%-ით. სხვა პოლიტიკური პარტიების რეიტინგები 5%-ზე ნაკლებია.

საგულისხმოა, რომ ჩვენი პროგნოზი ახლოსაა Edison Research-ის შედეგებთან. ეს გასაკვირიც არაა, რადგან ამ კვლევას ჩვენს მოდელში სხვებზე მაღალი წონა ენიჭება. ამასთან, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები მონაცემები გვაქვს, რაც პროგნოზებზე ცალკეული კვლევის გავლენას ზრდის.

ჩვენს პროგნოზებში გამოყენებული ბოლო კვლევის საველე სამუშაოები 5 სექტემბერს დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდგომ მომხდარი მოვლენების (ევროკავშირთან ურთიერთობების გაცივება, უსაფრთხოების სამსახურის ფაილების გაჟონვა, „ენკა“-ს მიერ ნამოხვანჰესის კონტრაქტის გაუქმება) სავარაუდო ზეგავლენა გამოკითხვებში არაა ასახული.

როგორ იცვლებოდა პარტიული მხარდაჭერის ტენდენცია ბოლო ერთი წლის მანძილზე? ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ამ პერიოდში ნელ-ნელა იკლებდა, რაც სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო როგორც ქვეყანაში არსებულ კრიზისულ ვითარებასთან, ასევე - გიორგი გახარიას მიერ ახალი პარტიის შექმნასთან. თუკი ამ უკანასკნელის რეიტინგის დინამიკას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მისი ზრდა მეტნაკლებად ემთხვევა „ქართული ოცნების“ რეიტინგის კლებას. რაც შეეხება სხვა პარტიებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის ტენდენცია უცვლელია, ხოლო მცირე პარტიებისა კი - რთული გასაანალიზებელი. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, საგულისხმოა წინა პროგნოზების გამოცდილება, როდესაც გამოკითხვებში მცირე პარტიები უფრო მაღალ შედეგებს აფიქსირებენ, ვიდრე - არჩევნებში. შესაბამისად, მცირე პოლიტიკური ჯგუფების რეალური რეიტინგის შეფასება შედარებით რთულია.