Pollster.ge

Language selector

2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ტრადიციული ფორმით - შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ტარდება. 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ, მმართველმა „ქართული ოცნების“ პარტიამ წამოაყენა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინადადება. 2019 წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებსაც აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა უნდა დაემტკიცებინა, მხარი არ დაუჭირა, რასაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა. საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერითა და მედიაციით, 2020 წლის გაზაფხულზე, ძირითადი პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ კომპრომისულ ვარიანტზე. შედეგად, 150 საპარლამენტო მანდატიდან 120 პროპორციული ხმის მიცემის შედეგებით განაწილდება, ხოლო დანარჩენი 30 დეპუტატი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევა. მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, შეიცვალა ტრადიციულად არსებული მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები. თბილისი დაიყო 8 მაჟორიტარულ ოლქად, ცალკე მაჟორიტარული ოლქებია მსხვილი ქალაქები - ქუთაისი და ბათუმი. დანარჩენი დასახლებული პუნქტები უფრო მსხვილ ერთეულებად დაჯგუფდნენ. ოლქების საბოლოო საზღვრები მოცემულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე. ოლქების გადანაწილების ზოგადი გეოგრაფიული სურათი კი შემდეგია:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი განმარტავს, რომ „პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ, და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“. მიღებული ხმების მიხედვით მანდატების გადანაწილებისთვის მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამზე, შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. გადაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, ისინი თანმიმდევრობით გადანაწილდებიან უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე. საარჩევნო კოდექსში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება დაკავშირებულია პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპთან. საბოლოო მანდატების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდის პოლიტიკური ძალის მიერ პროპორციულ არჩევნებში მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობას. დამატებით, დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებისთვის ცალკე აღებულ პოლიტიკურ პარტიას სჭირდება ამომრჩეველთა მინიმუმ 41%-ის მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია კოალიციური მთავრობის ფორმირება.