Pollster.ge

About

პროგნოზი 2020 წლის 14 ოქტომბრისთვის

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება. საარჩევნო კამპანია გადამწვეტ ფაზაში შედის, ისევე როგორც არჩევნების პროგნოზირების მცდელობები. ჩვენს ვებსაიტზე ბოლოს გამოქვეყნებული პროგნოზები აგვისტოს ბოლოს საზოგადოებაში არსებულ განწყობებს ასახავდნენ, რომლის მიხედვითაც მმართველ პარტიას არჩევნების მოგების და კომფორტული უმრავლესობის შექმნის კარგ შანსებს ვუწინასწარმეტყველეთ. თუმცა, იქვე აღვნიშნეთ, რომ დამძიმებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას შესაძლოა, „ქართული ოცნების“ რეიტინგზე მკვეთრად ემოქმედა.

ჩვენი პროგნოზი გამართლდა: სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვების გათვალისწინებით გამოთვლილ მარტივ მოდელში მართალია, მმართველი პარტია ისევ ლიდერობს, თუმცა პროპორციულ არჩევნებში მისაღები ხმების პროპორცია პირველად ჩამოცდა 50%-ს. 18 სექტემბერს გამოქვეყნებულ მოდელთან შედარებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 6%-ით შემცირდა და ამ მომენტისთვის 47%-ს შეადგენს. ამავე მოდელის თანახმად ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, რომლის მხარდაჭერა 18 სექტემბრის მოდელთან შედარებით დაახლოებით 4%-ით გაიზარდა. ოდნავ გაიუმჯობესეს მდგომარეობა სხვა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა, გამონაკლისი მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსია“.

როგორ იცვლებოდა პოლიტიკური პარტიების რეიტინგები დროთა განმავლობაში? ჩვენს მიერ მოგროვებული გამოკითხვების რეტროსპექტული ანალიზი გვაჩვენებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაღაც დროის მანძილზე, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საშუალოდ 50%-ს აღემატებოდა. თუმცა ნებისმიერი მმართველი პოლიტიკური პარტიის მსგავსად, რეიტინგმა ნელ-ნელა დაიკლო და ყველაზე დაბალ ნიშნულს 2019 წლის ზაფხულში მიაღწია. ე.წ. გავრილოვის ღამის გახმაურებული მოვლენების შემდეგ, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის სხვაობა ისტორიულ მინიმუმზე დავიდა. თუმცა, 2020 წლის გაზაფხულის შემდეგ, მმართველი ძალის მხარდაჭერა თითქმის 2016 წლის დონეს დაუბრუნდა. როგორც აქამდე ვამბობდით, ამაში ლომის წვლილი COVID-19-ის ეპიდემიასთან ბრძოლაში სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის დადებითად შეფასებასაც შეეძლო, შეეტანა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მმართველი პარტიის რეიტინგმაც დაიკლო.

ჩვენი ბაიესური მოდელის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ამ დროისთვის პროპორციულ არჩევნებში 50%-ის მოპოვების საკმაოდ დაბალი - 27%-იანი შანსი აქვს. არჩევნების 2 000-ჯერ სიმულირება გვიჩვენებს, რომ ყველაზე მოსალოდნელია, რომ მმართველმა პარტიამ ხმების დაახლოებით 47% მიიღოს, რაც მას სავარაუდოდ, მინიმუმ 56 საპარლამენტო მანდატს მოუტანს. სწორედ ასეთ შემთხვევაში გახდება გადამწყვეტი მაჟორიტართა მანდატები: იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. ჩამკეტი ბარიერის გადალახვის მაღალი შანსი (89%) გააჩნია, მისი ამოცანა იქნება, უბრალო უმრავლესობის მოსაპოვებლად (76 საპარლამენტო ადგილი) მინიმუმ ოცი მაჟორიტარული ოლქი მოიგოს. ეს კი ამ ეტაპზე მიუღწეველ ამოცანად არ მოჩანს.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, დამოუკიდებლად მმართველი პარტიისთვის გადასწრების შანსი არცერთ მათგანს აქვს. ასევე მოულოდნელია, რომ მათ 40%-იან ჩამკეტი ბარიერისთვის საკმარისი ხმების რაოდენობა მოაგროვონ. დაბალი გამსვლელი ბარიერიდან გამომდინარე, პარლამენტში მოხვედრის შანსი ცხრილში წარმოდგენილ ყველა პარტიას აქვს, თუმცა დამოუკიდებელი ფრაქციის შესაქმნელად საჭირო მინიმუმ ექვსი მანდატის მოპოვების შანსი როგორც ჩანს, მხოლოდ „ევროპულ საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ ექნებათ.

დღეის მდგომარეობით ცხადია, რომ თუ არაფერი შეიცვლება, არჩევნებში ხმების უმეტესობას ისევ „ქართული ოცნება“ მიიღებს. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა ალბათ მაჟორიტარულ არჩევნებთან იქნება დაკავშირებული, რომელთა პროგნოზირების საშუალება, მონაცემების სიმწირიდან გამომდინარე, არ გვაქვს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, მაჟორიტარულ არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში, დაჭირდება თუ არა „ქართულ ოცნებას“ მთავრობის დაკომპლექტებისთვის სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნა.

პროგნოზებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგია მოცემულია ამ ბმულზე. რეპლიკაციის კოდი და მონაცემები შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ გიტჰაბის გვერდიდან.

წინა პროგნოზები:

პროექტის შესახებ

Pollster.ge არის დამოუკიდებელი, არაკომერციული, ზეპარტიული პროექტი, რომლის მიზანია, თავი მოუყაროს, სისტემატიზება გაუკეთოს და დაამუშაოს საქართელოში ჩატარებული და ღიად ხელმისაწვდომი მასობრივი გამოკითხვების მონაცემები. იგი დამოუკიდებელი ინიციატივაა და დაკავშირებული არაა პროექტის ავტორების არც ერთ დამსაქმებელთან. საარჩევნო პროგნოზები ეფუძნება ნედლი მონაცემების სტატისტიკურ მოდელირებას, გამჭვირვალე მეთოდოლოგიის საფუძველზე. პროექტის ავტორები პასუხს არ აგებენ ნედლი მონაცემების სიზუსტეზე.