Pollster.ge

About

პროგნოზი 2020 წლის 18 სექტემბრისთვის

წინა კვირიდან მოყოლებული, საქართველოში საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. მონაცემები გამოაქვეყნეს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა - „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI), აგრეთვე ქართულმა სატელევიზიო არხებმა - „იმედმა“, „რუსთავი ორმა“ და „ფორმულამ“. ახალმა გამოკითხვებმა საკმარისი რაოდენობის მონაცემები მოგვცა ჩვენი პროგნოზების გასაახლებლად.

საგულისხმოა, რომ გამოყენებული ყველა გამოკითხვა სექტემბრის დასაწყისში, COVID-19-ის ხელახალ გავრცელებამდე ჩატარდა. ამიტომ რთულია, შევაფასოთ, თუ რა გავლენა ჰქონდა ამ გარემოებას ქართულ საზოგადოებაზე. თუმცა, ვვარაუდობთ რომ მეორე ტალღა გარკვეულწილად მაინც იმოქმედებდა საზოგადოებრივ აზრზე. შესაბამისად, ქვემოთ მოცემული ანალიზი მხოლოდ COVID-19-ის მეორე ტალღამდე არსებულ სიტუაციებსა და განწყობებს აღწერს.

როგორც მეთოდოლოგიის სექციაშია განმარტებული, მონაცემების ანალიზის დროს მხოლოდ გადაწყვეტილი ამომრჩევლების პროპორციებია გამოყენებული. გადაწყვეტილი ამომრჩეველი ჩვენს კონტექსტში არიან ის ადამიანები, რომლებსაც ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ ხმის მიცემასთან დაკავშირებით. ამ მიდგომის გამოყენების რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, ზოგიერთი კვლევითი ორგანიზაცია (მაგალითად, Survation/რუსთავი 2) მხოლოდ გადაწყვეტილი ამომრჩევლების მონაცემებს ასაჯაროვებს. გარდა ამისა, როგორც ეს წინა პროგნოზებმა გვაჩვენა, გადაუწყვეტელი რესპონდენტების გარეშე დათვლილი პროპორციები მეტწილად კარგად გადმოსცემენ ამომრჩევლების ხმის მიცემის განზრახვებს. თუმცა, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ამ მიდგომის გამოყენებით ოპოზიციურად განწყობილი ე.წ. „მდუმარე ამომრჩევლების“ მოსაზრებები შედეგებში ნაკლებადაა ასახული. პრობლემურია გადაწყვეტილი ამომრჩევლების შედარებით მცირე რაოდენობაც, რაც შეფასების ცდომილებას ზრდის.

მთლიანობაში, ქართული ოცნება კვლავ პირველ ადგილზეა როგორც შეწონილი საშუალოს გამარტივიებულ მოდელში, აგრეთვე ბაიეზურ პროგნოზებში. შეწონილი საშუალოს მოდელის თანახმად გადაწყვეტილი ამომრჩევლების 53% მმართველ პარტიას უჭერს მხარს; ბაიეზური მოდელის თანახმად კი მხარდაჭერის მაჩვენებელი 49%-ია. მოდელებს შორის არსებული განსხვავებები შეიძლება აიხსნას ბაიზური მოდელის უფრო მეტი მგრძნობელობით გამოკითხვების ნედლ მონაცემებში მოცემულ მინიმალურ და მაქსიმალურ მნიშვნელობებთან.

შეწონილი საშუალოს მოდელი ცხრა ოპოზიციურ პარტიას უწინასწარმეტყველებს პარლამენტში მოხვედრას, თუმცა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა (18%), ყველა მათგანის მონაცემები ერთიდან ხუთ პროცენტამდე მერყეობს.

მართალია გამოკითხვების მონაცემები დიდად არ შეცვლილა, თუმცა ჩვენი ბაიესური მოდელი გვიჩვენებს, რომ ქართული ოცნების შანსები მოიპოვოს ამომრჩეველთა უმრავლესობის (50% + 1 ხმა) მხარდაჭერა შემცირდა. წინა პროგნოზის მიხედვით, მმართველ პარტიას ამომრჩეველთა უმრავლესობის გულის მოგების 56%-იანი ალბათობა ჰქონდა, ახალი მონაცემების მიხედვით ეს მაჩვენებელი 48%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი ზღვარის გადალახვას, „ქართულ ოცნებას“ ამის ძალიან მაღალი შანსი აქვს. მმართველს გუნდს მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტებისთვის საჭირო ხმების მოპოვების 94% ალბათობა გააჩნია.

არსებული სიტუაციის მიხედვით, ძალიან დაბალია ალბათობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციური უმრავლესობისთვის საჭირო ხმები მოაგროვოს. აგრეთვე, მცირეა იმის შანსიც რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქართულ ოცნებაზე მეტი ხმა აიღოს.

წინა პროგნოზების მსგავსად, ჩვენი მოდელები ქართული ოცნების მიმართ არსებული მხარდაჭერის არასტაბილურობაზე მიუთითებენ. COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებულმა ეფექტურმა ღონისძიებებმა მთავრობის მიმართ მხარდაჭერა ძალიან გაზარდა და არჩევნები აგვისტოში რომ ჩატარებულიყო, „ქართული ოცნება“ ძალიან მარტივად მოიგებდა. მიუხედავად ამისა, არჩევნების თარიღამდე რვა კვირით ადრე ჯერ ისევ ძალიან ადრეა გამარჯვებულის გამოცხადება. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მონაცემები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიცვალა საზოგადოების განწყობა COVID-19-ის მეორე ტალღის გამოისობით. ამასთან, როგორც ოპოზიციას, აგრეთვე მთავრობას საარჩევნო კამპანიისთვის საკმარისზე მეტი დრო აქვთ. დიდი ალბათობით, არჩევნების ბედი სწორედ ოქტომბრის ბოლო კვირებში გადაწყდება.

პროგნოზებისთვის გამოყენებული მეთოდოლოგია მოცემულია ამ ბმულზე. რეპლიკაციის კოდი და მონაცემები შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ გიტჰაბის გვერდიდან.

წინა პროგნოზები: